პრეზიდენტი "მოქალაქეობის შესახებ კანონში" ცვლილებებს აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოქალაქეობის შესახებ კანონში შესულ ცვლილებები რეალურად მოქალაქეობის მიღებას არ ამარტივებს.

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სამოქალაქო პლატფორმა „შინ მომავლისთვის“ პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ.

პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, ამ კუთხით შეიტანონ ინიციატივა.


"თავის დროზე, მე საზღვარგარეთიდან, სადაც იმ დროს ვიმყოფებოდი, დავიწყე სხვა დიასპორის წევრებთან მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ამ ქვეყანას მიეღო ორმაგი მოქალაქეობის კანონი, რაც რამდენიმე წლის მერე მოხდა. დღევანდელი, თანამედროვე ქვეყნების ყველაზე დიდ ნაწილს იგივე ტიპის კანონი აქვთ. ჩვენს შემთხვევაში ამ კანონის მიღების შემდეგ, იმის მაგივრად, რომ ეს ძალიან მარტივი ყოფილიყო და პრაქტიკულად, ჩვენ ვყოფილიყავით ძრავა იმის, რომ ყველასთვის დაგვებრუნება მოქალაქეობა და მათი შვილებისთვის გაგვეადვილებინა მოქალაქეობის მინიჭება, მიუხედავად ძალიან ბევრი ძალისხმევისა, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან ჩემმა ადმინისტრაციამ და პირადად მე მინისტრებთან დაწყებული მქონდა ამ საკითხზე მოლაპარაკებები, თუ როგორ განგვემარტივებინა პროცედურები, რაც შექნილი იყო, ეს გამარტივება არ მოხდა. ჩემი აზრით, ეს ხელს უშლიდა რეალურად დიასპორაში მცხოვრებ ადამიანებს, რომ დაებრუნებინათ საქართველოს მოქალაქეობა. მე ამას დღეს ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ ამ დღეებში მიღებულ იქნა პარლამენტში ახალი ცვლილებები მოქალაქეობის ორგანულ კანონში, რომელიც რეალურად, არცერთ ცვლილებას და გამარტივებას არ წარმოადგენს.

მე ამას წინსწრებით ვამბობ იმიტომ, რომ ალბათ, ამაზე დიდი პროპაგანდა იქნება, რომ ჩვენ მოვახდინეთ ამ ცვლილებებით პროცედურების დიდი გამარტივება, თუმცა არც არაფერი. ჩვენი თანამემამულეების მთავარი მოთხოვნები, რომ გამარტივდეს ტესტირება, მითუმეტეს ახალგაზრდებისთვის, ვინც საზღვარგარეთ არიან დაბადებული, თუნდაც ენის ტესტირება იყოს გამარტივებული და ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად და მარტივად მოხდეს, საფასურიც იყოს განულებული იმიტომ, რომ ჩვენ ამ ადამიანებს მოქალაქეობას ვუბრუნებთ, ეს ყველაფერი მხედველობაში არ მიიღეს. მხოლოდ ერთი სერიოზული რამ შეიცვალა, ეს არის ის, რომ ტესტირება რამდენჯერაც გინდათ შეგიძლიათ ჩააბაროთ და ნებისმიერ დროს გადაიხადოთ საფასური.

ეს არის მთავარი ცვლილება. ასევე მეორე კუთხით, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნისთვის დღევანდელ დღეს, ის გეოპოლიტიკური გარემოება, რის გამოც ადამიანები, რომლებიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტირიებზე ან საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში, მათი მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიმართ, არის ძალიან გაზრდილი. ჩვენ თუ რამე ოდნავ სტრატეგია და ხედვა გაგვაჩნია იმის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ჩვენ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ავტომატურად ვუბრუნებთ მოქალაქეობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაბადებული არის საქართველოს ტერიტორიაზე.


ყველაფრის მიუხედავად და არანაირი პროცედურების გათვალისწინებით. ეს იყო მოთხოვნა, რომელიც მე მგონი, სახელმწიფოს უნდა დაეკმაყოფილებინა. მე ცვლილებებზე ვეტოც არ დავადე, რადგან ეს არ არის სავეტო ცვლილებები. მთავარია ის, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს ნამდვილი ცვლილებები, არსებითი ცვლილებები მიყვანილი იყოს ბოლომდე.

ჩვენ თუ გვინდა, რომ დიასპორებს მივმართოთ და გავაგებინოთ, მე მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც შეუძლია, რომ ინიციატივა მიიღოს პარლამენტში, რომ ამ კუთხით შეიტანონ ინიციატივა იმიტომ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც, მე მგონი, ყველას ეხება. რომ ჩვენ ვთვლით, ისინი ჩვენი ქვეყნის ნაწილი არიან და ჩვენ გვინდა, რომ მათ მიიღონ სრული მონაწილეობა ამ ქვეყნის ცხოვრებაში, ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ჩვენ უნდა გადავდგათ ეს პირველი ნაბიჯი, რომ დიახ, ჩვენ გცნობთ და გვინდა, რომ გახდეთ საქართველოს მოქალაქეები დაიბრუნოთ და აღიდგინოთ მოქალაქეობა. ეს არის ჩვენი მოვალეობა და ჩვენი და თქვენი ერთობლივი მომავალი.

მინდა გისურვოთ, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი, იყოს ძალიან წარმატებული. გაიშალოს ყველა იმ ქვეყნებზე, სადაც ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ და სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ელოდებიან ჩვენგან(ჩვენ ველოდებით მათგან) მეტ გააქტიურებას და ერთად დაწყებას ახალი ინიციატივების. ჩვენ გვაქვს ერთად ძალიან დიდი მომავალი და გისურვებთ, რომ „შინ მომავლისთვის“ წარმატებული იყოს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.